მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის მომზადებასა და განხორციელებაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდა, სახელმწიფოს ქონების მართვის სააგენტო და ეკონომიკის სამინისტრო მონაწილეობენ. ცვლილებების მიხედვით, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდება, მოიხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება.
დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდეა რეგისტრირებული. წლების მანძილზე მიწის მარტივ რეგისტრაციას, საამზომველო საქმიანობის სფეროს მოუწესრიგებლობის გამო, აზომვითი ნახაზების უზუსტობა და ე. წ. გადაფარვების არსებობა უშლიდა ხელს. შედეგად, თავის დროზე საჯარო რეესტრმა მთლიანობაში, 56 000-მდე მიწის ნაკვეთი არ დაარეგისტრირა. ამ პრობლემების მოგვარება კი, დღემდე მხოლოდ სასამართლოს გზით იყო შესაძლებელი, რაც მოქალაქეების დროისა და თანხების ხარჯვას იწვევდა.
ახალი კანონპროექტის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მფლობელებს აქვთ, რომელთა უმრავლესობა უსახლკაროთა კატეგორიას განეკუთვნება და მათ სტატუსს დღეისათვის ქვეყანაში არანაირი ნორმა არ არეგულირებს.
„გარდა იმისა, რომ ჩვენი სააგენტო საჯარო რეესტრში მოქალაქეების მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზების ხარჯებს სრულად აანაზღაურებს, ჩვენ მესაკუთრის უფლებების დაცვაზე ვიქნებით ორიენტირებულნი და დაურეგისტრირებელი ქონების ჩამორთმევა არ მოხდება“, — განუცხადა „Sputnik“ — ს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნიკა ქამუშაძემ.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება.
„პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა და ამა წლის 17 ივნისს იგი გამოქვეყნდა. კანონის ძირითადი მუხლები კი გამოქვეყნებიდან 45 დღეში ამოქმედდება“, - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ეკა ერგემლიძემ.
ლალი ნოზაძე