თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. მთვარობას სურს, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა იყოს კერძო სექტორში რეგისტრირებული და განკერძოებული, ამიტომ სახელმწიფო მოსახლეობას რეგისტრაციაში დაეხმარება, — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოსახლეობისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად მთავრობაში პრაქტიკულად უკვე შემუშავებულია სპეციალური გეგმა, რომელიც მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციის პროცესში დაეხმარება, — განაცხადა ქუმსიშვილმა.
„შემუშავებული გვაქვს სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. ჩვენს გლეხებს მიეცემათ შესაძლებლობა, კვალიფიციური ამზომველის მიერ აზომილი ნახაზი წარადგინონ საჯარო რეესტრში, ხოლო სახელმწიფო აზომვით სამუშაოებს დააფინანსებს“, — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, კონკრეტულ ლიმიტებსა და პროცედურებს მთავრობა უახლოეს ხანში წარუდგენს მოსახლეობას.
პოლიტიკური ოპონენტების მისამართით ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ისინი „ტყუილად ამტვრევენ ღია კარს და პოლიტიკური სპეკულაციები ამ მიმართულებით საჭირო არ არის“.