თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ფერმერებს უხვი ნალექისგან მიღებული ზარალი აუნაზღაურდებათ, იუწყება სოფლის მეურნეობისპროექტებისმართვისსააგენტო(APMA).
საქართველოში უხვი ნალექისა და სეტყვის გამო 3 ათასზე მეტი ბენეფიციარი დაზარალდა, ანაზღაურებას დაქვემდებარებული თანხა, პირველადი მონაცემებით, 4,5 მლნ ლარს (2 მლნ აშშ დოლარე მეტი) შეადგენს.
სააგენტოს მონაცემებით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 22 ათას 817 პოლისი გაიცა, ხოლო დაზღვეულმა ფართობმა 20 ათას 281 ჰექტარი შეადგინა. სუბსიდიის თანხამ დაახლოებით 12,3 მლნ ლარი (5,6 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო დაზღვაული მოსავლის — დაახლოებით 164,1 მლნ ლარი (დაახლოებით 75 მლნ აშშ დოლარი).
აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა საქართველოში 2014 წლის სექტემბერში ამოქმედდა. აგროდზღვევის პროგრამის ფარგლებში 2014 წელს გაიცა 21 ათასზე მეტი პოლისი და დაზღვეული იყო 150 მლნ ლარზე (68,2 მლნ აშშ დოლარი) მეტი ოდენობის 34 სხვადასხვა კულტურა.
2015 წლის აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის ბიუჯეტმა 10 მლნ ლარი (4,5 მლნ აშშ დოლარზე მეტი) შეადგინა. პროგრამა მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. წელს აგროდაზღვევის პროგრამის რეალიზება ასევე დაიწყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სამმართველომ.
პროგრამის თანახმად, განსაზღვრული იქნება დაზღვევის ტარიფის ზედა ზღვარი. სახელმწიფო დაზღვევის ტარიფის 60%-ის გადახდას უზრუნველყოფს, ხოლო 40% თავად დაზღვეულმა უნდა გადაიხადოს. 2015 წლის აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი საქართველოში ლიცენზირებულმა ექვსმა სადაზღვევო კომპანიამ გამოთქვა: „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ალდაგი“, „აი სი ჯგუფი“, „ირაო“, „არდი“ და „უნისონი“.