თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. თბილისში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსხურის 22 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებმა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა უწყების თანამშრომლებს დღესასწაული მიულოცეს.
„ძალიან საამაყოა, რომ ეს სამსახური ჩამოყალიბდა სტრუქტურად, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას. მართლაცდა საამაყოა, რომ ამ სამსახურის პროფესიონალიზმი აბსოლუტურ შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან, რაც არაერთხელ აღნიშნულა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთვრობის მეთაურმა ასევე დღესასწაული მიულოცა 104 წვევამდელს, რომლებმაც ხუთშაბათს ფიცი დადეს. სამსახურის უფროსმა კი, გენერალ-მაიორმა ანზორ ჩუბინიძემ საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა.
საზეიმო ღონისძიები დასრულდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვადასხვა დანაყოფების სწავლებებით.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 1994 წლის 23 ივნისს მაშინდელი სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა.
თავდაპირველად უწყების მთავარ ამოცანას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. მოგვიანებით სამსახურს საიდუმლო სატელეფონო კავშირის შექმნის უფლება მიენიჭა.
ამჟამად სამსახური საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვით არ არის დაკავებული. ის უზრუნველყოფს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტისა და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომერეების, კათოლიკოს-პატრიარქის, ასევე მაღალი რანგის სტუმრების უსაფრთხოებას.