თბილისში, 23 ივნისი — Sputnik. თბილისში, სააკაძის მოედანზე, საცობებთან ბრძოლის მიზნით, უსაფრთხოების კუნძულები მოეწყობა, დამონტაჟდება შუქნიშნები და განახლდება საგზაო მონიშვნები, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში, რომელიც ვებგვერდზეა განთავსებული.
მოედნის რეკონსტრუქცია გერმანული საკონსულტაციო კომპანია “A+S”-ის მიერ, 2016 წლის დასაწყისში თბილისის მასშტაბით ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის მეორე ნახევარში დასრულდება.
„ეს გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობას და მოძრაობა მეტად უსაფრთხო გახდება”, — აღნიშნავენ მერიაში.
“A+S”-მა დედაქალაქის უბნებსა და ცალკეულ ლოკაციებში შეისწავლა როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის ნაკადების ინტენსივობა. პრობლემები გაანალიზდა პიკის საათების გათვალისწინებით და მათი გადაჭრის გზების ძიება მოხდა სიმულაციებისა და მოდელირებების საშუალებით, აღნიშნულია განცხადებაში.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციის შედეგად აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გამტარიანობა მინიმუმ 8-10%-ით გაიზრდება.