თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. პარლამენტმა 85 ხმით, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის თაობაზე, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში (European Union CSDP Military Training Mission in the Central African Republic – EUTM RCA) მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ოცეულის გაგზავნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის — საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2016 წლის 21 ივნისის N3 ბრძანება, დეპუტატებს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა გააცნო.
დღეისათვის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიის სწრაფი რეაგირების ჯგუფში ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. პარლამენტის გადაწყვეტილებით მისიას ოცი ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეუერთდება.