თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ქართველ სტუდენტთა განაცხადების მიღება დაიწყო, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ პროექტში „დიასპორული სტაჟირება 2016“, იუწყება უწყების ოფიციალური საიტი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 ივლისი, 18 ივლისიდან კი ოთხკვირიანი სტაჟირება დაიწყება. სტაჟირების გავლას სტუდენტები ქვეყნის სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში შეძლებენ.
პროქეტი სპეციალურად იმ სტუდენტებისთვის არის შექმნილი, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სურთ საქართველოს გაუზიარონ.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ აპლიკაციის ფორმა მითითებულ მისამართზე.
ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე უნდა მიმართონ: sdolidze@diaspora.gov.ge; info@wugs.org
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება“ 2013 წლიდან ახორციელებენ აღნიშნულ პროექტს, რაც სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი გამოცდილება და ასევე გაეცნონ საქართველოს საჯარო უწყებების მუშაობის პრინციპებს.
ეს პროგრამა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა.
სამი წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობა მიიღო ასამდე ქართველმა სტუდენტმა ამერიკიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, კანადიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან.