თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო 24 წლის განმავლობაში საქართველოს 3,7 მილიარდი დოლარით დაეხმარა, განაცხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თომას მელიამ პრესკონფერენციაზე თბილისში.
საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს.
„1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა და გაფართოვდა. ამ 24 წლის განმავლობაში USAID ქართველ ხალხს 1,5 მლრდ აშშ დოლარით დაეხმარა. მთლიანობაში, აშშ-ის დახმარებამ საქართველოსთვის 3,7 მლრდ დოლარი შეადგინა“, — განაცხადა მელიამ.
თბილისში გუშინ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში დემოკრატიისა და მმართველობის საკითხებში სამუშაო ჯგუფის მეცხრე შეხვედრა გაიმართა.
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელი 2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში მოეწერა. ქარტიის ფარგლებში 2009 წლის ივნისში შეიქმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი რიგი მიმართულებებით.
დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.