თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. StartUpShow — ეს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საპრეზენტაციო პროექტია, რომელიც Sputnik-მა, შოუს ორგანიზატორებთან ერთად, მსოფლიოს 30–ზე მეტ ქვეყანაში ჩაუშვა წარმატებული სტარტაპების გამოსავლენად და მხარდასაჭერად.
უსასრულო „ფლეშკა“
პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრილია! ამიერიდან „ფლეშკაზე“ ნებისმიერი მოცულობის ინფორმაცია შეგიძლიათ ჩატვირთოთ ისე, რომ მოწყობილობის მეხსიერების უკმარისობამ არ შეგაწუხოთ. უსასრულო „ფლეშკის“ ავტორი ალექსეი ჩურკინი და მისი გუნდი არიან.
„ჩვენთვის მთავარია უსაფრთხოება. საინფორმაციო „ღრუბლის“ შესაქმნელად არც პაროლია საჭირო, არც ლოგინი და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ბრაუზერი. ავტორიზაცია USB-გასაღების მეშვეობით ხდება.
ყველა ფაილი მხოლოდ კლიენტის დონეზეა დაშიფრული, ჩვენც კი არ ვიცით, რას ინახავს მომხმარებელი სერვერზე“, — აცხადებენ უსასრულო „ფლეშკის“ შემქმნელები.
ინოვაციით უკვე დაინტერესდნენ უცხოელი მომხმარებლები.
გიგანტური პლანშეტი
BigPad-ი ჩვეულებრივი პლანშეტის გადიდებულ ვერსიას ჰგავს. ივან ალიოხინმა ორმეტრიანი აპარატი შექმნა, რომელიც თაჩსქრინით, კამერითა და კარტრიდერითაა აღჭურვილი.
„მოწყობილობაში ნებისმიერი პროგრამა იტვირთება. პლანშეტი შეგიძლიათ სარეკლამო ბანერადაც გამოიყენოთ, ინტერნეტმაღაზიის ავტომატადაც და სავაჭრო კიოსკადაც კი“, — ამბობს ალიოხინი.
როგორც გაირკვა, მოწყობილობას ძირითადად უცხოური კომპანიები იძენენ. მაგალითად, დუბაიში BigPad-ები უკვე დგას სავაჭრო ცენტრებში, ხოლო ავსტრიაში მათი მეშვეობით ბიტკოინებს ყიდიან. ახლა კოლუმბიის მეტროში აპირებენ გიგნატური პლანშეტების დამონტაჟებას.
რძე პირდაპირ ფერმიდან
ინოვაციური ტექნოლოგია 30Sec Milk საშუალებას იძლევა, რომ ძროხის რძე მოწველიდან 30 წამში უკვე პასტერიზებული და შეფუთული იყოს.
ტექნოლოგიური პროცესი ასე გამოიყურება: ძროხა ვაკუუმიანი დგუშით იწველება, მერე რძე ფილტრში ტარდება და 10 წამში პასტერიზდება 75ºС–ზე, მერე ცივდება 3-5ºС–მდე და პაკეტებში ისხმება.
თითოეულ პაკეტზე იტვიფრება QR-კოდი, რომლის სმარტფონით სკანირების შემთხვევაში შეგიძლიათ იხილოთ ძროხის ფოტო, შეიტყოთ მისი ასაკი, ჯიში და ისიც კი, რითია ნაკვები.
პერსონალური კოსმოსური ძიძა
ამიერიდან მშობლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ — თანამგზავრული სისტემა Geolife Baby, რომლის შემქმნელიცაა კომპანია „გეოლაიფი“, მუდმივ მეთვალყურეობას გაუწევს ბავშვებს და მშობლებს რეალური დროის რეჟიმში შეუძლიათ, თვალყური ადევნონ შვილების გადაადგილებას — სულ რაღაც სამი მეტრის ცდომილებით.
მართალია, პროდუქტის მუშაობის გეოგრაფიული არეალი ჯერჯერობით მხოლოდ მოსკოვითა და მოსკოვის ოლქით შემოიფარგლება, მაგრამ მისით უკვე დაინტერესდნენ სხვა მეგაპოლისებიც.
თავიდან გამოგონილი ბორბალი
დუიუნოვის ძრავიანი ბორბალი — ეს პერსპექტიული პროექტია, რომელიც შესაძლოა უკვე ახლო მომავალში გამოიყენონ მანქანათმშენებლობაში.
გარეგნულად ეს ჩვეულებრივი ძრავა–ბორბალია, რომელსაც ელექტროველოსიპედებზე აყენებენ. რეალურად კი დუიუნოვის გამოგონება გამარტივებული კონსტრუქციისაა და თანაც გაძლიერებული, ოღონდ ათჯერ უფრო იაფი ჯდება და მანქანების მწარმოებლებისთვის ფრიად მიმზიდველიც არის.