თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება წინასაარჩევნო კამპანისს დაწყებასთან დაკავშირებით ქცევის კოდექსის დამტკიცების აუცილებლობის შესახებ არის მოსახლეობის დაცინვა, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა.
კვირიკაშვილმა შესაბამისი ოფიციალური განცხდებით მიმართა პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებს და მთლიანად საზოგადოებას. პრემიერმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დაუშვებლობაზე განაცხადა, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პარტიისათვის წესრიგისა და თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მნიშვნელობის შესახებ.
„პრემიერის განცხადება არა მხოლოდ ფარისევლობა, არამედ უკიდურესი ცინიზმია. ეს არის მოსახლეობის დაცინვა, ვინაიდან, პრობლემა, რომელზეც პრემიერი საუბრობს, თავიდან ბოლომდე არის ხელისუფლების ხელში. კანონის ყოველგვარი გამკაცრების გარეშე, კოდექსის შემოღების გარეშე შეუძლიათ აღკვეთონ ის, რასაც ჩადიან“,-განაცხადა ბიბილაშვილმა.
მსგავსი კოდექსი უფრო გამოცდილ პოლიტიკურ პარტიებს დასჭირდება —„ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მიიჩნევს „ეროვნული ფორუმის“ დეპუტატი ანი მიროტაძე.
„ფორუმი“ ისედაც არ აპირებდა ქვების სროლას, ჩხუბს და არჩევნებში გამარჯვებას ძალისა და კუნთების დემონსტრირებით. ეს ჩვენი სტილი არ არის. ჩვენ ვაპირებთ ქცევის კოდექსის გარეშეც, მაქსიმალურად დავიცვათ ის ნორმები, რომელიც უნდა იყოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში არჩევნების დროს“,- ხაზი გაუსვა მიროტაძემ.
პარლამენტი უკვე შეუდგა ქცევის კოდექსის განხილვას. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი უნდა მიიღონ ყველა მხარის ინტერესების დაცვით, განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელიც „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარეა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება.