თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს შსს უახლოეს დღეებში საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს მამაკაცზე, რომელიც ეჭვმიტანილია ყოფილი მეუღლის ცემაში. ინციდენტი ბათუმთან ახლოს სოფელ ჩაისუბანში მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით.
27 წლის ქალი „სასწრაფო დახმარების“ თანამშრომლებმა სოფლის სასაფლაოზე ერთი კვირის წინ აღმოაჩინეს. მას მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება, მათ შორის — ჩაქუჩით მიყენებული. მისმა ყოფილმა მეუღლემ საქართველო დატოვა და ამჟამად თურქეთში იმყოფება, იუწყებიან მედია-საშუალებები.
სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია. საქართველოს შსს უახლოეს დღეებში მასზე ძებნას გამოაცხადებს. ამჟამად პიროვნების ძებნაზე გამოცხადებისთვის აუცილებელი პროცედურები ტარდება“, — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
დაზარალებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ქალს ქალა-ტვინის ტრავმა და ხელის მოტეხილობა აქვს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის ორი მუხლის მიხედვით — 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126 (ძალადობა). დამნაშავეს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველოში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე გახშირებული მკვლელობების ფონზე 2014 წელს კანონი გამკაცრდა. ამ პერიოდიდან ოჯახური ძალადობა ამა თუ იმ საქმის განხილვისას დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.
მიმდინარე წლის იანვარი-მაისის პერიოდში საქართველოში ოჯახური ძალადობის 594 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 338 შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.