თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დარწმუნებულია, რომ თუ უკრაინიდან დეპორტირებულ დავით გერლიანს ქურდულ სამყაროსთან კავშირი დაუმტკიცდება, აუცილებლად დააკავებენ.
თარგამაძის თქმით, გერლიანი, რომელიც კრიმინალურ წრეებში „სვანის“ მეტსახელითაა ცნობილი, თბილისში ოდესიდან ჩამოფრინდა და დაუბრკოლებლად გაიარა საპასპორტო კონტროლი, რის შემდეგაც აეროპორტი ასევე დაუბრკოლებლად დატოვა.
„საქართველოში გვაქვს საკმაოდ მკაცრი კანონი ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობისა, რომელიც კანონობს. ანუ არის კანონები, რომელიც არ კანონობს და ეს არის კანონი, რომელიც კანონობს. აქედან გამომდინარე, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები გააკეთებენ იმ რეაგირებას, რომელიც უნდა გაკეთდეს. თუ ქურდული სამყაროს მიმდევარია აუცილებლად დააკავებენ საქართველოს ტერიტორიაზე“, — განუცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.
დავით გერლიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის კამერამ დააფიქსირა.
შეგახსენებთ: ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობა საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.