თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლეგენდარული ქართველი ბალერინის ვერა წიგნაძის გარდაცვალების გამო დიდ მწუხრებას გამოთქვამს, იუწყება მთავრობის პრეს–სამსახური.
ლეგენდარული ბალერინა, ქართული ბალეტის ერთ–ერთი დამფუძნებელი ვერა წიგნაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საბალეტო ხელოვნების განვითარებაში… ვერა წიგნაძის ცეკვა წლების განმავლობაში აღტაცებას იწვევდა ქართველ თუ უცხოელ მაყურებლებში. ის ჩვენი ქვეყნის სიამაყე იყო“, – აღნიშნა პრემიერმა სამძიმრის წერილში.
კვირიკაშვილი სამძიმარს უცხადებს ვერა წიგნაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს საქართველოს.
ვერა წიგნაძე 1924 წლის 24 სექტემბერს დაიბადა. 1943 წელს დაამთავრა ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 1943-1946 წლებში ცეკვავდა ახუნდოვის სახელობის ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1946 წლიდან კი ვახტანგ ჭაბუკიანის მოწვევით ვერა წიგნაძე თბილისში ჩამოვიდა და მას შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე და ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი გახდა.
ვერ წიგნაძე არის საქართველოს სახალხო არტისტი, მრავალი სახელმწიფო პრემიის, საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი.
პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილის ინიციატივით, 2007 წელს „გედის თანავარსკვლავედში“ ორ უსახელო ვარსკვლავს ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელები დაერქვა. ორი ქართველი განუყრელი ვარსკვლავი საერთაშორისო სატრონომიულ კატალოგში იქნა შეტანილი.