თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. 91 წლის ასაკში ლეგენდარული ბალერინა, ქართული ბალეტის ერთ–ერთი დამფუძნებელი ვერა წიგნაძე გარდაიცვალა.
„ვერა წიგნაძის ღვაწლი ქართული ბალეტის განვითარებაში ფასდაუდებელია. მან ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად მთელი ეპოქა შექმნა, რომელიც დღემდე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც ქართული კულტურისთვის, ასევე მსოფლიო მასშტაბითაც“, – ნათქვამია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ვერა წიგნაძის პანაშვიდი 19 და 20 ივნისს გაიმართება. 21 ივნისს მას ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გამოასვენებენ.
ვერა წიგნაძე 1924 წლის 24 სექტემბერს დაიბადა. 1943 წელს დაამთავრა ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 1943-1946 წლებში ცეკვავდა ახუნდოვის სახელობის ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1946 წლიდან კი ვახტანგ ჭაბუკიანის მოწვევით ვერა წიგნაძე თბილისში ჩამოვიდა და მას შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე და ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი გახდა.
ვერა წიგნაძემ შექმნა სრულიად ახალი და უნიკალური პერსონაჟები საბალეტო სპექტაკლებში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამი ათეული წელი მოღვაწეობდა, შემდეგ პედაგოგირ საქმიანობას ეწეოდა.
ვერ წიგნაძე არის საქართველოს სახალხო არტისტი, მრავალი სახელმწიფო პრემიის, საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი.
პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილის ინიციატივით, 2007 წელს „გედის თანავარსკვლავედში“ ორ უსახელო ვარსკვლავს ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელები დაერქვა. ორი ქართველი განუყრელი ვარსკვლავი საერთაშორისო სატრონომიულ კატალოგში იქნა შეტანილი.