თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოში 19 ივნისს პირველად მამის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ინიციატივა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ქართულ ოფისსა და ორგანიზაცია We Care–ს ეკუთვნის.
„მამის დღის დაწესება მიზნად ისახავს, წაახალისოს მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების ჩართულობა ოჯახების კეთილდღეობისთვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა თანასწორობას და თანაბრად გაინაწილონ საოჯახო საქმე“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
მამაკაცების მზრუნველობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალების, ბავშვებისა და, ზოგადად, ქვეყნის კეთილდღეობისთვის, აღნიშნავენ მამის დღის დაწესების ორგანიზატორები.
2014 წელს UNFPA–ს მიერ ჩატარებული კვლევის „მამაკაცები და გენდერული ურთიერთობები“ თანახმად, მამაკაცების 43% თითქმის არასდროს უკითხავს წიგნს თავის შვილს, 13% – იშვიათად, ხოლო 6% არასდროს საუბრობს მოზარდობის ასაკში მყოფ შვილებთან პრობლემების შესახებ.
ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს, აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.