თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე 700–ზე მეტი დელეგატი 57 ქვეყნიდან იმსჯელებს გლობალური მიგრაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის, უსაფრთხოების საკითხებზე და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებზე.
სესია საქართველოში პირველად იმართება. ღონისძიება თბილისში 1–5 ივლისს ჩატარდება.
„საპარლამენტო ფორუმს 700-ზე მეტი სტუმარი დაესწრება მისი წევრი 57 ქვეყნიდან. ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერები და კანონმდებლები დაესწრებიან, ეუთოს ქვეყნების სივრცეში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებს და მიგრაციის გლობალურ პრობლემებს განიხილავენ“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ყოველწლიური სესია „თბილისის დეკლარაციის“ მიღებით და ასამბლეის პრეზიდენტის არჩევით დასრულდება.
მემორანდუმს ასამბლეის საქართველოში ჩატარების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელეიმ ხელი თბილისში მოაწერეს. უსუფაშვილმა ამ მოვლენას საქართველოს ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური, ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საერთაშორისო ღონისძიება უწოდა.