თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოში პირველი ივლისიდან პენსიები 20 ლარით გაიზრდება, განაცხადა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
"პენსია პირველ ივლისს 180 ლარი გახდება, ხოლო სექტემბრიდან ის 216 ლარს მიაღწევს მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელი პენსიონერებისთვის" — აღნიშნა ხადურმა.
საქართველოში ასაკობრივი პენსიონერები, რომელთა რაოდენობაც 700 ათასზე მეტია, 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 160 ლარის ოდენობის პენსიას იღებენ, რაც ადრინდელ ოდენობას 6,6%–ით აღემატება. მანამდე პენსიები 2013 წლის სექტემბერში გაიზარდა და 150 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა მუშაობს საპენსიო რეფორმაზე, რომელიც 2017 წლიდან დაგროვებითი სიტემის დანერგვას ითვალისწინებს.
საქართველოში კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება, ხელს შეუწყობს მომავალში პენსიონრებისათვის უფრო მაღალი საპენსიო შემოსავლის მიღებას.
„პირველი ამჟამინდელ პენსიონრებს ეხებათ და მისი მიზანი მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ე.ი. საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, შემუშავებული იქნება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის შესაბამისად, სოციალური პენსია ყოველწლიურად გაიზრდება მინიმუმ ინფლაციის დონეზე. დღეს არსებული სისტემით, პენსიონრები ფაქტიურად არ არიან დაცულნი ინფლაციური მოვლენებისაგან და არ არსებობს მეთოდი, რომლის საშუალებითაც ხდება არსებული პენსიის გაზრდა. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი მეთოდის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს პენსიონერთა უკეთეს დაცვას“, — აღნიშნეს სამინისტროში.
მეორე კომპონენტი მომავალ პენსიონრებს ეხებათ და იგი ითვალისწინებს კერძო დაგროვებითი სისტემის შექმნას, რაც აპრობირებულია მრავალ ქვეყანაში.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება 2017 წლის მესამე კვარტლიდან იგეგმება.