თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნება. საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენშტაბის უფროსი და უწყების სხვა მაღალჩინოსნები ესწრებიან, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".
მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სახელმწიფო ჰიმნი ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრმა შეასრულა.
"სამხედრო პოლიცია შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი კომპონენტია და ყოველ მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს ნდობა ამ ადამიანების და უნდა იცოდნენ, რომ მათი სახით ჰყავს პარტნიორი, მეგობარი, რომელსაც ერთადერთი ამოცანა აქვს, რომ შეიარაღებულ ძალებში იყოს დისციპლინა დაცული და სამხედრო პოლიცია შეიარაღებული ძალების ის შემადგენელი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც დისციპლინას, ასევე უსაფრთხოებას“, — განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან.
სამხედრო პოლიციის დღის აღნიშვნა დაჯილდოვების ცერემონიით დასრულდება.