თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში საერთაშორისო საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ მოწმეთა დაკითხვა დასრულდა, განაცხადეს სასამართლოს პრეს–სამსახურში.
ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა დელეგაციამ მოწმეთა ჩვენებები 2016 წლის 6 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში მოისმინა.
„სასამართლომ 33 მოწმე დაკითხა: საქართველოს მთავრობის მიერ გამოძახებული 16 მოწმე და რუსეთის მთავრობის მიერ სასამართლოში გამოძახებული 11 მოწმე, და ექვსი – უშუალოდ სასამართლოს მიერ გამოძახებული“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
პრეს–სამსახურში აღნიშნეს, რომ სარჩელი სასამართლოში შევიდა 2008 წლის 11 აგვისტოს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 33–ე მუხლის შესაბამისად, „2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან და მის შედეგებთან დაკავშირებით“.
„საჩივარი ეხება კონვენციის მუხლებს: მე–2 (სიცოცხლის უფლება), მე–3 (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოქმედების აკრძალვა), მე–5 (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება), მე–8 (კერძო და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე–13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების უფლება), პირველი პროტოკოლის პირველ და მეორე მუხლებს (საკუთრების დაცვა და განათლების უფლება), ასევე მეოთხე პროტოკოლის მეორე მუხლს (გადაადგილების უფლება)“, – დააზუსტეს სასამართლოში.
„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქმის განხილვას გააგრძელებს“, – განაცხადე სასამართლოს პრეს–სამსახურში.