საქართველო რუსეთისგან კომპენსაციის სახით 70 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშისტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოკუმენტი ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებას საქმეზე ”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, რომელმაც ადამიანთა უფლებების დარღვევის არა ერთი ფაქტი გამოავლინა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით რუსეთისგან 70 მლნ 320 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდას მოითხოვს. საქმე 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას ეხება.

”საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან კოლექტიურად გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა… განცდილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით საქართველო რუსეთის ხელისუფლებისაგან 70,320,000 ევროს ითხოვს. ეს ოდენობა ეფუძნება მსგავს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს”, — აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

მითითებული დოკუმენტი ეფუძნება 2014 წლის 3 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ − გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც ქართველების უფლებების დარღვევების არა ერთი ფაქტი დადგინდა. კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეებს დაევალათ წერილობითი მოსაზრებების წარდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ  2006 წლის შემოდგომაზე რუსეთში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რის შედეგადაც რუსეთიდან გამოაძევეს 4,634 ქართველი, რითაც მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მე-4 მუხლი (უცხოელების კოლექტიური გასახლების აკრძალვა). 

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2,380 ქართველი იყო უკანონოდ დაკავებული რუსეთში და გამოძევებული ევროპული კონვენციის მე-3 (არაადამიანური და ღირსების დამამცირებელი მოპყრობა) და მე-5(1) (ყველას აქვს თავსუფლების უფლება), მე-5 (4) (თითოეულს, რომელსაც აღეკვეთა თავისუფლება დაკავების ან დაპატიმრების გამო, მისი პატიმრობის სამართლიანობის გარკვევისთვის სასამართლოს დაუყოვნებლივი განხილვის და თავისუფლების უფლება აქვს, თუ სასამართლომ მისი პატიმრობა უკანონოდ ცნო) მუხლების დარღვევით, ხოლო დაკავებულებიდან სამი ქართველი პატიმრობისას დაიღუპა. 

სტრასბურგის სასამართლომ ასევე ჩათვალა,  რომ ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევის მსხვერპლთათვის არ იყო ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების უფლება), მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევა.

”საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რუსეთის იუსტიციის სამინისტროდან სტრასბურგის სასამართლოს გვერდის ავლით არავითარი დოკუმენტაცია ან პოზიცია არ შემოსულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპული სასამართლოს ინსტრუქციის შესაბამისად და რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან მოლაპარაკებების შეუძლებლობის გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა წერილობითი მოსაზრებები კომპენსაციის მოთხოვნის თაობაზე”, — ნათქვამია განცხადებაში.

 


ყველა ახალი ამბავი
0