სოფი ლორენმა საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა ვერ შეძლო

© video: Sputnik / Denis Aslanovსოფი ლორენი
სოფი ლორენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავი, რომლითაც მსახიობი თბილისში ჩამოფრინდა, ორი საათის განმავლობაში ტურბულენტურ ზონაში იმყოფებოდა, რის გამოც ის შეუძლოდ გახდა. მსახიობმა საქართველო საქველმოქმედო საღამოს შემდეგ დატოვა.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. ლეგენდარულმა იტალიელმა მსახიობმა სოფი ლორენმა, რომელიც თბილისში საქველმოქმედო მიზნით იმყოფებოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, განმარტეს ფონდში „ნატვრის ხე“.

სოციალური ქსელების მომხმარებლები და ასევე ჟურნალისტები სამშაბათს სოფი ლორენის გამოჩენას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ და აღშფოთებული იყვნენ იმის გამო, რომ მსახიობი საპატრიარქოში არ გამოჩნდა. ზოგიერთი მედიასაშუალება იტყობინებოდა, რომ თითქოს მსახიობმა ილია მეორესთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

„მსგავსი შინაარსის განცხადება სოფია ლორენს არ გაუკეთებია, მეტიც, მან ბოდიში მოიხადა დაგეგმილ შეხვედრაზე ვერმისვლის გამო… გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, რომელიც ფონდ „ნატვრის ხისა“ და მისი უწმინდესობის იმიჯის შებღალვას ემსახურება“, – აღნიშნულია ფონდის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ფონდში განმარტეს, რომ 81 წლის მსახიობი თბილისში სამშაბათს გამთენიისას ჩამოფრინდა. თვითმფრინავი, ორი საათის განმავლობაში ტურბულენტურ ზონაში იმყოფებოდა, რის გამოც იტალიელი ვარსკვლავი შეუძლოდ გახდა. 

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სოფი ლორენს სასტუმროში პირადად ეწვია.

გიორგი კვირიკაშვილი და სოფი ლორენი - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი სოფი ლორენს შეხვდა

სოფი ლორენმა საპატიო სტუმრის სტატუსით ქართველი საოპერო მომღერლის ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

ოთხშაბათს მსახიობი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ეწვია, სადაც სპექტაკლის „სიყვარულისთვის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

თეატრში სოფი ლორენს სააპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდნენ და მას ილია მეორის სახელით საჩუქარი – თამარ მეფის ჯვრის ანალოგი გადასცეს. მსახიობმა კათოლიკოსთან შეხვედრის გაუქმების გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ამ ჯვარს დიდი სიყვარულით ატარებს.

ლორენმა აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქის შესახებ ბევრი რამ სმენია და მომავალში აუცილებლად შეხვდება მას. ამასთან, მან საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორებს სთხოვა, ილია მეორისთვის მისი სახელით ბოდიში გადაეცათ.

მსახიობმა საქართველო სპექტაკლის დასრულებისთანავე დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0