თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი სამსახურებრივი ავტომობილით 22 წლის სალომე აქირთავას დაეჯახა, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია.
„ჩემი რძალი და შვილიშვილი ანაკლიიდან ორსანტიაში მიდიოდნენ, ჩვენ ტროტუარზე ვიდექით. ბავშვი გაიქცა, დედამ ხელი სტაცა, გზიდან გადააგდო, თვითონ კი მანქანა დაეჯახა. მანქანა ისეთი სისწრაფით მოდიოდა, დამუხრუჭება ვერ შეძლო. ავარიის შემდეგ გზაზე დაგვტოვა და წავიდა, პოლიციელია და ალბათ ეჩქარებოდა. ვითხოვთ დამნაშავე დააკავონ და ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარონ", — განაცხადა დაზარალებულის დედამთილმა საინფორმაციო სააგენტო Odishi News-თან საუბრისას.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა, პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები. ამჟამად ოჯახის მოთხოვნით ახალგაზრდა ქალი ქუთაისის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა“.
სოფო კაკაჩია