თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე 2016 წლის 7 მაისს ქალაქ ონში მომხდარი კონფლიქტის გამო ტყიბულისა და ზესტაფონის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელები ზაზა ჩუბინიძე და პავლე ბუბულაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს და შს ორგანოებიდან დაითხოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ შს სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული.
მანამდე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2016 წლის 7 მაისს ონის ერთ-ერთ რესტორანში პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ზესტაფონისა და ტყიბულის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს შორის. შსს გავრცელებული ინფორმაციის დეტალებს არ ეთანხმება.
„მედიასაშუალებით გავრცელებულ სატელევიზიო ანონსში 2016 წლის 7 მაისს მომხდარი ინციდენტის პოლიციის დღესთან დაკავშირება (რომელიც 2016 წლის 2 ივნისს აღინიშნა) სრულიად შეუსაბამოა. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კონფლიქტის დროს პოლიციის აწ უკვე ყოფილ თანამშრომლებს შორის მოხდა მხოლოდ სიტყვიერი და არა ფიზიკური დაპირისპირება, მით უფრო, ნივთის (როგორც მედიასაშუალებით გაჟღერდა — ხელკეტის) გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ამას ადასტურებს შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების დროს დაკითხულ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის, თვითმხილველები და მოწმეები. გამოკითხულია ასევე ჟურნალისტი იმერეთის რეგიონიდან, რომელმაც პირველად გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია. ფაქტის (ხელკეტების გამოყენება) სარწმუნოობას ვერც იგი ადასტურებს“, — ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა სამმართველოს ხელმძღვანელებისა, აღნიშნული ინციდენტის გამო ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრათ პოლიციის სამმართველოს სხვა თანამშრომლებსაც.
„შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეეფარდა დისციპლინური სახდელი — თანამდებობიდან ჩამოქვეითება, ხოლო შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს გამოეცხადა შენიშვნა. ეს უკანასკნელი ასევე ჩამოქვეითებულია თანამდებობიდან“, — ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, უწყებაში გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაცია, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.