თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. გაზრდილი სამომხმარებლო ფასები, ლარის გამყარების მიუხედავად, თავდაპირველ ნიშნულს არ დაუბრუნდება, თვლის ექსპერტი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხებში ლია ელიავა.
„სამომხმარებლო ფასებს ელასტიურობა არ ახასიათებთ და ერთხელ გაზრდილი ფასი 99% შემთხვევაში თავდაპირველ ნიშნულს არ უბრუნდება. ამიტომ ყველა ქვყანა ცდილობს ფასების ზრდა არ დაუშვას“, — განაცხადა ლია ელიავამ.
ექსპერტის თქმით, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და მას კანონში არ უწერია, რომ ვალუტის გაცვლითი კურსის მდგრადობა უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ ვინაიდან ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, მას ეროვნულ ვალუტაზე ზრუნვა უწევს.
„ადრე ეროვნული ბანკი ყოველთვის ცდილობდა ლარის გაცვლითი კურსის მდგრადობის შენარჩუნებას, 2015 წელს კი მან პრაქტიკულად ხელი აიღო ვალუტის გასამყარებლად ზრუნვაზე, რადგან არ ადარდებდა სავალუტო კურსის ნეგატიური გავლენა ეკონომიკასა და მოსახლეობაზე და მხოლოდ საკუთარი სავალუტო რეზერვების შენარჩუნებას ცდილობდა“, — მიაჩნია ლია ელიავას.
მისი აზრით, გასულ წელს ეროვნულ ბანკს საკუთარი რეზერვების 35%, ანუ 1 მლრდ აშშ დოლარი რომ დაეხარჯა, საქართველოში სავალუტო კრიზისი არ იქნებოდა. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ შესყიდვებს, ექსპერტის თქმით, ამას ეროვნული ბანკი მხოლოდ დახარჯული რეზერვების შესავსებად აკეთებს.
„დღეს ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, მხოლოდ თავის პრობლემებზე ზრუნავს და ამ შემთხვევაში ეკონომიკა და მოსახლეობა გარკვეულწილად განყენებული საკითხებია“, — აღნიშნავს ექსპერტი.
ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა მარტის თვის დასაწყისიდან შეჩერდა და ლარმა გამყარება დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტა 15%-ით გამყარდა.
ეროვნული ბანკი ცდილობს შეინარჩუნოს ლარის გამყარების კურსი და პერიოდულად აუქციონებზე ვალუტას ყიდულობს. მარტი-ივნისის პერიოდში 11 აუქციონზე სებ-მა 298 მლნ აშშ დოლარი შეიძინა.