აფრიკელმა პროკურორმა საქართველოს ძალადობის ფაქტების გამოძიებისთვის მადლობა გადაუხადა

გამოწერა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩასული საქართველოს საგამოძიებო ჯგუფი ადგილობრივი მოსახლეობისა და სამხედროების გამოკითხვას აწარმოებს, რათა დადგინდეს, არის თუ არა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა გრისლენ გეზენგემ საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანებზე ძალადობაში ქართველი სამხედროების შესაძლო მონაწილეობის გამოძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

რვაკაციანი საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 6 ივნისს გაემგზავრა. ის ამ ქვეყანაში არასრულწლოვანებზე ძალადობის ფაქტებს გამოიძიებს.

ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო
ხიდაშელი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო ჯგუფის მუშაობას გაეცნო

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაუპატიურების, მათ შორის ბავშვების, რამდენიმე შემთხვევის შესახებ, რაც 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში მოხდა. გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ძალადობაში მონაწილეობდნენ ფრანგი სამხედროები. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის პრეს–მდივანმა რუპერტ კოლვილმა განაცხადა, რომ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ქართველი სამხედროებიც არიან ეჭვმიტანილი.

„ვიმყოფებით გამოძიების სტადიაში. არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამ ენთუზიაზმისა და ჩართულობისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას. ამიტომ უმჯობესია, გავაერთიანოთ ძალები, რათა შევძლოთ სიმართლის დადგენა“, — განაცხადა გეზენგემ.

საგამოძიებო ჯგუფს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი აფრიკის კავშირში ვახტანგ ჯაოშვილი.

საგამოძიებო ჯგუფი აპირებს დაკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, გაესაუბროს მოწმეებს, ასევე ჩაატაროს ამოცნობის პროცედურა ფოტოების მეშვეობით.

გეზენგესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგამოძიებო ჯგუფმა შეხვედრები გამართა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის — გაეროს ბავშვთა ფონდის (UNISEF), ქალ იურისტთა ასოციაციისა და ორგანიზაცია „ტაიდის“ მდგრადი განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთანაც.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
ქართველმა სამხედრომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მცხოვრებლები შანტაჟში დაადანაშაულა

სწორედ ამ ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ.

„ნამდვილად ვაფასებთ გამოძიების ჩატარების სურვილისკენ მიმართულ თქვენს ძალისხმევას. შემდეგი პროცედურის დასაწყებად გამართული შეხვედრით კმაყოფილი ვართ… არ გვინდა, რომ პროცესი ამ ეტაპზე გაჩერდეს. გვინდა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ“, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალ იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ელიან ფლორმა.

ქართულმა მხარემ ადგილობრივ არასამთავრობოებს გარანტია მისცა, რომ დაკითხვის პროცესი ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთათვის მაქსიმალურად კომფორტულ ვითარებაში ჩატარდება. სწორედ ამ მიზნით არიან ქართულ საგამოძიებო ჯგუფში ფსიქოლოგები და საერთაშორისო სამართლის ექსპერტები.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში 2014 წლის შუა პერიოდიდან მონაწილეობენ.

ყველა ახალი ამბავი
0