თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „საქართველოს ევროპული გზა“.
ლექციას ესწრებოდნენ ბერლინის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, ექსპერტები და სტუდენტები. კვირიკაშვილმა მათ საქართველოს ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები გააცნო და ქვეყნის ევროპულ არჩევანზე ესაუბრა.
"ეს არის არჩევანი… ევროპასთან ასოცირება ჩვენთვის იმაზე მეტია, ვიდრე პოლიტიკა და ბიზნესი: ჩვენ ვიღწვით იმისათვის, რომ დავაახლოვოთ ქართველი და ევროპელი მოქალაქეები ყველა სფეროსა და ყველა სექტორში, ნებისმიერ დონეზე", — განაცხადა პრემიერმა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.
პრემიერმა სხვადასხვა სფეროში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. მან იმედი გამოთქვა, რომ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში გერმანია საქართველოს მხარს დაუჭერს.
„გერმანია ისტორიულად იყო საქართველოს დიდი მეგობარი და გვინდა გთხოვოთ, რომ თქვენ განაგრძოთ ჩვენი მხარდაჭერა, ვინაიდან ჩვენს გვსურს დავუახლოვდეთ ევროპას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე საშუალება მოგვეცემა თქვენს ქვეყანაში ვიზის გარეშე გამოვემგზავროთ, მე აგრეთვე სურვილი მაქვს მიგიწვიოთ საქართველოში — მე მჯერა, რომ თქვენ იქ მიგიღებენ ძალიან თბილად და თავს იგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში," — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.