თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. იტალიაში, ლიტერატურულ–საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, ქართველი ემიგრანტებისთვის 15–დან 23 ივნისის ჩათვლით პოეტური საღამოები იმართება.
ამ მისიით რომში, ფლორენციასა და ბარიში ქართველი პროზაიკოსები და პოეტები გაემგზავრნენ. მათ შორის არიან ზვიად რატიანი, ელა გოჩიაშვილი, ლელა სამნიაშვილი, მარიამ წიკლაური, ნიკა ჯორჯანელი, ლია ლიქოკელი, გიორგი არაბული და კატო ჯავახიშვილი.
მწერლებს დაგეგმილი აქვთ ლიტერატურული საღამოები, ემიგრანტებთან შეხვედრები, ასევე იტალიის საგამომცემლო სახლების მონახულება. გარდა ამისა, ისინი ადგილობრივ ბიბლიოთეკებში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ახალი წიგნებით ქართული კუთხეების მოწყობას აპირებენ.
სპეციალურად ამ მოვლენისთვის იტალიაში გამოიცა „თანამედროვე ქართველი პოეტების მცირე ანთოლოგია“, სადაც პროექტის რამდენიმე მონაწილის ლექსები შევიდა (მთრგმნელი ნუნუ გელაძე).
ასევე, იტალიურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა გივი ალხაზიშვილის პოეტური კრებული „ვრცელი წამი“ და წიგნები – „უცნობი მზე“, "ჩემი დღეების მიწა“ და „ეპისტოლეთა წიგნი“ (თარგმნეს ნუნუ გელაძემ და რუუდან ყოინაშვილმა). რედაქტორია ჯულიანო ლადოლფი; დაიბეჭდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამომცემლობა „ჯულიანო ლადოლფ ედიტორე“ მიერ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი "ცოცხალი წიგნები“ 2015 წლის 14 იანვარს, "დედაენის დღეს“ დაიწყო. პროექტი, რომელშიც 80 მწერალია ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.
პროექტის "ცოცხალი წიგნები“ მსვლელობისას, მწერლები დღიურებსა და ჩანაწერებს აწარმოებენ, რომლის მიხედვით პროექტის დასრულების შემდეგ, წიგნი „მწერლის დღიურები“ გამოიცემა.