თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობა დანაშაულთან ბრძოლის სფეროში გაღრმავდება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში აამოქმედებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო. პროცესი გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციის გამო გაჭიანურდა.
„კრიმინალი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ამაზე ყურადღება, თუმცა მთავარია ის, რომ ჩვენ ვუპირისპირდებით კრიმინალს და, გარდა ამისა, გერმანიასთან თანამშრომლობას კიდევ უფრო ვაღრმავებთ“, — განაცხადა მღებრიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
გიორგი მღებრიშვილი გერმანიის ფედერალური მიწების შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
„მე ადგილზე გავეცანი იმ პრობლემებს, რომლებიც ამ ქვეყანაში აქვთ“, — განაცხადა მინისტრმა.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მიიღებს და გერმანია არ ეწინააღმდეგება ამ ფაქტს. მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა უკვე გამართა.
გასულ კვირას ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი განიხილეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გადადეს. ევროპელი პოლიტიკოსები აღნიშნული საკითხს 20 ივნისს მიუბრუნდებიან.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. 2016 წლის მარტში კი ევროკომისია საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა.
თუ ევროპარლამენტარები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.