თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. მეტი ქალის ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში მხოლოდ სათანადო სამუშაო პირობების შექმნის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, მიაჩნია პოლიტიკური პარტია „რეფორმატორების“ ლიდერს ირაკლი ღლონტს.
"პოლიტიკაში ძირითადად მამაკაცები იმიტომ არიან, რომ პარტიული საქმიანობა ზოგადად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ქალბატონები კი, პირველ რიგში, დედები არიან და შვილების აღზრდაც ევალებათ, საოჯახო საქმეებზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ ძნელია ქალს და მამაკაცს ერთაირად მოვთხოვოთ პოლიტიკური აქტივობები, ქალებს უფრო მეტი შეღავათები უნდა დავუწესოთ“, – აღნიშნა ირაკლი ღლონტმა.
პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, პარლამენტს კიდევ ერთი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინა.
დეპუტატებმა მანანა კობახიძემ და გუგული მაღრაძემ მოამზადეს პროექტი, რომლის მიხედვით, პარტია 30%-იან დანამატს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში სუსტი სქესის ერთი კანდიდატი მაინც ეყოლება წარმოდგენილი.
ირაკლი ღლონტის თქმით, აქ საუბარია კვალიფიციურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებზე კანონით გათვალისწინებულ ბარიერს გადალახავენ.
„ეს მექანიზმი ქალების პოლიტიკაში ძალით ჩასართავად რომ გამოვიყენოთ, ძალიან დიდი შეცდომა იქნება, პოლიტიკაში უნდა იყოს ბევრი მანდილოსანი და მე ამას მივესალმები და ვიბრძვი კიდეც ჩემს პარტიაში, მაგრამ შევარცხვინე ის პარტია, რომელიც 30%–იანი დანამატის მიღების მიზნით პოლიტიკური პროცესებისგან შორს მდგან მანდილოსნებს მოიწვევს“, – აღნიშნა ირაკლი ღლონტმა.
ცვლილებების განხორციელება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში იგეგმება და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.