რუსეთის საფეხბურთო ნაკრები „პიერ მორუას“ მოედანზე სლოვაკეთის გუნდთან შესახვედრად ემზადება. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივრებს მიმართა.
რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ლილში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გულშემატკივრებმა ფეხბურთელებისადმი მხარდაჭერა მიღებული ფორმებით უნდა გამოხატონ.
„ჩვენ უბრალოდ კი არ გვსურს, არამედ მოვითხოვთ, რომ ჩვენმა გულშემატკივრებმა დასაშვები და მიღებული ფორმებით გვიქომაგონ“, — განაცხადა სლუცკიმ და იმედი გამთქვა, რომ გულშემატკივრები უეფას გუნდის დისკვალიფიკაციის საბაბს აღარ მისცემენ.
უეფას გადაწყვეტილებით, რუსეთს პირობითი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, რომელიც ევრო-2016-ის დასრულებამდე იმოქმედებს.
პირობითი დისკვალიფიკაცია მდგომარეობს იმაში, რომ თუ საფრანგეთში რუსი გულშემატკივრების მონაწილეობით არეულობა კვლავ მოხდება, რუსეთის ნაკრებს ჩემპიონატიდან მოხსნიან.
გარდა ამისა, რუსეთის საფეხბურთო კავშირს 150 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
უეფას გადაწყვეტილების საფუძველი შაბათს მარსელის „ველოდრომის“ სტადიონზე რუსეთ-ინგლისის (1:1) მატჩის შემდეგ რუსი გულშემატკივრების მხრიდან პროვოცირებული არეულობა გახდა. შემდეგ მატჩს რუსეთის ნაკრები 15 ივნისს სლოვაკეთთან გამართავს, რომელიც პირველ მატჩში უელსის ნაკრებთან დამარცხდა – 1:2.