თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ევროპის ფეხბურთის ფედერაციამ (უეფა) მარსელში გამართული ინგლისი-რუსეთის მატჩის შემდეგ გულშემატკივართა შორის დაპირისპირების ფაქტზე რუსეთის ფეხბურთის კავშირის წინააღმდეგ დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყო.
უეფას გადაწყვეტილებით, რუსეთს პირობითი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, რომელიც ევრო-2016-ის დასრულებამდე იმოქმედებს.
პირობითი დისკვალიფიკაცია მდგომარეობს იმაში, რომ თუ საფრანგეთში რუსი გულშემატკივრების მონაწილეობით არეულობა კვლავ მოხდება, რუსეთის ნაკრებს ჩემპიონატიდან მოხსნიან.
გარდა ამისა, რუსეთის საფეხბურთო კავშირს 150 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
შაბათს მარსელის „ველოდრომის“ სტადიონზე რუსეთისა და ინგლისის გუნდების შეხვედრა ფრედ — 1:1 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ რამდენიმე ათეული რუსი გულშემატკივარი იმ ტრიბუნაზე შეიჭრა, სადაც ინგლისის ფანები იმყოფებოდნენ და ინგლისის დროშების დახევა სცადეს. თვითმხილველების თქმით, ისინი ბრიტანელების მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ. ინგლისელი გულშემატკივრების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა. არეულობა იმ დრომდე გაგრძელდა, სანამ საქმეში ფრანგული პოლიცია არ ჩაერთო.