თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ევროპის საფეხბურთო ფედერაციამ (უეფამ) რუსეთის ფეხბურთის კავშირის წინააღმდეგ, მარსელში გამართული ინგლისი-რუსეთის მატჩის შემდეგ გულშემატკივართა შორის დაპირისპირების ფაქტზე, დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყო, შესაბამისი ინფორმაცია უეფას ვებგვერდზეა განთავსებული.
მარსელის „ველოდრომის“ სტადიონზე რუსეთისა და ინგლისის გუნდების შეხვედრა ფრედ — 1:1 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ 30-მდე რუსი გულშემატკივარი იმ ტრიბუნაზე შეიჭრა, სადაც ინგლისის ფანები იმყოფებოდნენ და ინგლისის დროშების დახევა სცადეს. თვითმხილველების თქმით, ისინი ბრიტანელების მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ. ინგლისელი გულშემატკივრების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა. არეულობა იმ დრომდე გაგრძელდა, სანამ საქმეში ფრანგული პოლიცია არ ჩაერთო.
„უეფამ მასობრივი არეულობის, რასისტული ქმედებისა და პიროტექნიკის გამოყენების საფუძველზე, რუსეთის წინააღმდეგ დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყო. აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამსაბათს იქნება მიღებული“, — ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ინგლისის გუნდს, მასთან დაკავშირებით უეფა საქმეს არ აღძრავს.
2012 წლის პოლონეთსა და უკრაინაში გასულ ჩემპიონატზე უეფამ რუსეთის ნაკრები ევროპის მომდევნო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ექვსი პუნქტით დააჯარიმა და 120 000 ევროს ოდენობის სახდელი დააკისრა. ეს გადაწყვეტილება ევრო-2012-ის ჩემპიონატზე რუსი გულშემატკივრების მხრიდან რუსეთი-ჩეხეთის მატჩზე მომხდარი ქმედების საფუძველზე იქნა მიღებული.