თბილისი, 10 ივნისი— Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტა, ქართველი ექსპერტების ვარაუდით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.
ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გადადო. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი საფრანგეთისა და გერმანიის გადაწყვეტილებით გადაიდო. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად გერმანიაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების არსებობის გამო ოფიციალური ბერლინის შეშფოთება დაედო. უცხოური პრესა პერიოდულად აქვეყნებს გერმანიაში ქურდობასა და ყაჩაღობაში ბრალდებული ქართველების დაკავების შესახებ ინფორმაციას.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი მხოლოდ კრიმინალური ფაქტორი არ ყოფილა.
„იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი მხოლოდ საქართველოდან ჩასული კრიმინალების გამო არ გადადო, ისიც მიგვანიშნებს, რომ გერმანიაზე და საფრანგეთზე უფრო წინააღმდეგი იტალია იყო. ეს კი ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე ნაკლები ქართველი ზის ციხეში. გაცილებით მეტია გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში“, – აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
პოლიტოლოგის აზრით, საკითხის გადადების ნამდვილი მიზეზი დღეს უკრაინაში შექმნილი მდგომარეობაა და ის შეცდომა, რომელიც ქართულმა დიპლომატიამ მაშინ დაუშვა, როდესაც უკრაინასთან ერთად პაკეტს დასთანხმდა.
„ჩვენ ქართული დიპლომატიის მიერ დაშვებულ შეცდომებს ვიმკით, ჩვენმა დიპლომატებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად ყოფილიყო ამ საკითხში. სხვა შემთხვევაში 3-4-მილიონიან საქართველოზე ევროპა როგორმე თვალს დახუჭავდა. მხედველობაში მაქვს როგორც კრიმინალის, ასევე უკანონო მიგრანტებიის ჩასვლის საშიშროება. მაგრამ 47-მილიონიან უკრაინაზე თვალს ვერავინ დახუჭავს. ახლა უკვე არ გამოდის, რომ საქართველოს მისცენ და უკრაინას უარი უთხრან, რადგან ჩვენ ჩვენივე ინიციატივით ერთ ნავში ჩავსხედით და, ბუნებრივია, რომ შემოდგომაზე, დიდი ალბათობით, არაფერი შეიცვლება“, — თვლის ცინცაძე.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე გავლენა საზოგადოებრივმა აზრმა იქონია.
„დემოკრატიულ ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრს დიდი ძალა აქვს და იმან, რომ არაერთი პუბლიკაცია იყო ევროპის ქვეყნებში ქართულ მაფიაზე და კრიმინალურ ბანდებზე, რა თქმა უნდა, თავისი როლი ითამაშა. სამწუხაროდ, ამ სტატიებს ჰქონდა საფუძველი და ეს არ ყოფილა საქართველოს წინაამდეგ რაიმე პიარის ნაწილი“, — თვლის პეტრე მამრაძე.
მეორე ფაქტორი, რომელმაც, ექსპერტის აზრით, საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციაზე უარყოფითად იმოქმედა, ის ევროპული პარტიებია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები არიან.
„რა თქმა უნდა, სირცხვილია ევროგაერთიანების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს შეყოვნება მაშინ, როცა ქვეყანამ ყველაფერი შეასრულა, მაგრამ გაცილებით მეტად უნდა შერცხვეთ იმ ვითომ პროდასავლურ პარტიებს, რომლებიც სინამდვილეში იმას ლობირებენ, რომ საქართველომ არ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან, ვინაიდან ეს „ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო პოლიტიკურ ინტერესებში შედის“, — აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
გერმანიამ, იტალიისა და საფრანგეთის მხარდაჭერით, 8 ივნისს ევროკომისიას თხოვნით მიმართა, წარადგინოს ანგარიში ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართველი კრიმინალების დანაშაულებზე.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.
საქართველოს ხელისუფლება იმედს გამოთქვამდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ზაფხულისთვის გაუქმდებოდა, მაგრამ ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო.