თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს პარტნიორები ოფიციალური თბილისის პოზიციას იზიარებენ, რომელიც გიგა ოთხოზორიას მკვლელი „მესაზღვრის“ დაპატიმრებასა და საქართველოსთვის გადმოცემას მოითხოვს, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.
„ჩვენ ვაპირებთ აუცილებლად, ძალიან პრინციპულად დავაყენოთ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი, დამნაშავის დასჯის საკითხი. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დამნაშავე იყოს დაკავებული რეალურად — ეს არ დასტურდება. ეს არის ერთ–ერთი მთავარი საკითხი მიმდინარე რაუნდზე ქართული დელეგაციისთვის“, — განაცხადა ციხელაშვილმა.
ჟენევის დისკუსიებზე ქართული მხარე ასევე დააყენებს ცხინვალის რეგიონში ეკლიანი მავთულების გავლებისა და „საზღვრის“ აღმნიშვნელი ახალი ბანერების დამონტაჟების საკითხს სოფელ ავლევში.
გარდა ამისა, საუბარი შეეხება ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რაც მათთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაში გამოიხატება.
ოფიციალური თბილისი ასევე მოითხოვს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას საკუთარ სახლებში.
ჟენევის დისკუსიების მორიგი, 36–ე რაუნდი სამშაბათს დაიწყო.