თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ბიძინა ივანიშვილმა კვლავ გადაწყვიტა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს ნიკო ფიროსმანის ტილო გადასცეს, რომელიც მან სოთბის აუქციონზე 7 ივნისს შეიძინა.
ტილო „შველი წყლის პირას“ ივანიშვილმა აუქციონზე 629 ათას ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 916 ათასი აშშდოლარი) შეიძინა.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მან ასევე დასძინა, რომ მუზეუმისთვის სურათის გადაცემით ის გენიალური ქართველი მხატვრის პოპულარობას, შესაძლოა, ამცირებს, რადგან მისი შემოქმედება მთელმა მსოფლიომ უნდა იხილოს.
„ალბათ, უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, რომ ფიროსმანის ნახატების 30% ან გავცვალოთ მუზეუმებთან და სხვა მხატვრები შემოვიტანოთ ან რაღაც. საცოდაობაა, რომ ფიროსმანი მარტო საქართველოში იყოს წარმოდგენილი. ის მსოფლიო დონის მხატვარია და მსოფლიო ამ სახით უნდა იცნობდეს. ამაზე საზოგადოება უნდა შეთანხმდეს. ფიროსმანს არ ჰქონდა იმდენი ნახატი, რამდენიც, მაგალითად, პიკასოს. ნახატების რაოდენობა ამის საშუალებას არ იძლევა, რომ კერძოსაც ბევრი ჰქონდეს, მუზეუმსაც და ა.შ. ამიტომ გადავეცი მუზეუმს, რომ დაიწყოს მსჯელობა, რომ ფოროსმანი უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოში”, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
ეს ივანიშვილის მიერ მუზეუმისთვის ფიროსმანის ტილოს გადაცემის პირველი შემთხვევა არაა. გასულ წელს მუზეუმს მან ფიროსმანის ასევე აუქციონზე შეძენილი „არსენალის მთა ღამით“ გადასცა.