თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ცნობილი ქართველი პრიმიტივისტი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ტილო ”არსენალის მთა ღამით” ორშაბათს, 1 ივნისს ლონდონში, კრისტის აუქციონზე 800 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, იუწყება აუქციონის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ვინ იყიდა ”არსენალის მთა ღამით”, ამ დროისთვის უცნობია. წინა მფლობელმა, რომლის ვინაობაც ასევე დღემდე უცნობია, ის 2010 წელს შეიძინა.
აუქციონზე ფიროსმანის ნამუშევარი ”რუსული ხელოვნების” განყოფილებაში იყო წარმოდგენილი, რამაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უკმაყოფილება გამოიწვია. მან საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ამ საკითხის მოგვარება დაავალა. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ქართველი მხატვრებისა და ხელოვანების ნამუშევრები არ უნდა მიაკუთვნონ რუსული არტის სექციას.
უფრო ადრე ჯგუფ ”33 ა”-ს მთავარი სოლისტი ნიაზ დიასამიძე საქართველოში სურათის ”არსენალის მთა ღამით” დასაბრუნებლად ფონდის დაარსების ინიციატივით გამოვიდა. მომღერალმა სახელმწიფოს მოუწოდა, ვინაიდან თანხის შეგროვება დაგვიანებული იყო, ამ ეტაპზე სამინისტროს გადაეხადა თანხა ტილოსთვის და ამ თანხას შემდეგ ფონდი დაფარავდა.
კულტურის სამინისტროში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ უწყებას არანაირი უფლება არ აქვს, როგორც კერძო პირმა, აუქციონში მიიღოს მონაწილეობა და ეს სურათი ბიუჯეტის ფულით გამოისყიდოს.
1907-1908 წლებით დათარიღებული „არსენალის მთა ღამით“ ნიკო ფიროსმანმა ზეთის საღებავებით დახატა მუშამბაზე. ფიროსმანისთვის უჩვეულო პეიზაჟური ფერწერის ნიმუში 1920 წლამდე ვინმე ნიკოლას ბაიაძეს ეკუთვნოდა. მოგვიანებით ნახატი მხატვარმა კირილ ზდანევიჩმა შეიძინა, შემდეგ კი ის საბჭოთა მთავრობის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ტილო ფრანგ პოეტს, მწერალსა და კრიტიკოს ლუი არაგონს აჩუქა 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ტილოს სხვა მფლობელები არ სახელდებიან, აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ ტილო კერძო კოლექციებში ინახებოდა.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XIX-XX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარია. მან ტრაგიკული ცხოვრება განვლო და სიღატაკეში გარდაიცვალა. ფიროსმანის სახელი მოგვიანებით გახდა ცნობილი. სიკვდილის შემდეგ დიდი ხნის მანძილზე მისი შემოქმედება ცხარე კამათსა და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებს იწვევდა.