თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ორგანიზებით, ეროვნულმა ფორუმმა მუშაობა დილიდან დაიწყო. ღონისძიებას ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ექსპერტები და შშმ პირები ესწრებოდნენ.
ფორუმზე ბოლო წლებში შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში მიღწევებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ფორუმის მონაწილეთა მიზანია ამ სფეროში იმ გამოწვევების განსაზღვრა, რომლის წინაშეც საქართველო დგას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, 17:00 საათზე ვარდების მოედნიდან 9 აპრილის სკვერამდე მსვლელობა გაიმართება, ხოლო 18:00 საათიდან 22:00 საათამდე კი სპორტული და კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი — ფოტოგამოფენა, სპორტული შეჯიბრებები, კონცერტი და სხვა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაცვის დღეს საქართველოში 2003 წლიდან აღნიშნავენ.