თბილისი, 14 ივნისის — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი გაამართლა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".
ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილი გაამართლა და პოლიტიკურ პატიმრად ცნო. გარდა ამისა, სტრასბურგმა საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების ვალდებულება დააკისრა.
„ეს საქართველოსთან მიმართებაში ევროსასამართლოს პირველი გადაწყვეტილებაა, როდესაც დადგინდა, რომ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმარი. ეს არის ევროკონვენციის მე-18 მუხლი. ვანო მერაბიშვილი არის მესამე პოლიტიკოსი იური ლუცენკოსა და იულია ტიმოშენკოსთან ერთად, რომელზეც სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. ეს არის სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ მათ დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა საქართველოს ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმარი მერაბიშვილი“, — განაცხადა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ყოველი საათი არის საქართველოში ოფიციალური პოლიტპატიმრის ყოფნა, აღნიშნა კახიძემ. მისი თქმით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ევროკონვენციის მე-18 მუხლის დადგენა არ ითვალისწინებს სავალდებულო ხასიათს.
საქართველოს ყოფილი პრემიერი და ასევე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს. ის სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული: 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვაში.
ამას გარდა, სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა განსახილველად: 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე, 2005 წელს სპეცრაზმის მიერ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და ღვინის ქარხანა „აკურის“ საქმე. ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.