თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ლეგენდარული იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი საქართველოში პირველად ჩამოვიდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას დაეშვა.
მსახიობი საპატიო სტუმრის სტატუსით ქართველი საოპერო მომღერლის ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
თბილისში სოფი ლორენი შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, აღნიშნულია ფონდის „ფეისბუქის“ გვერდზე.
ის ასევე ეწვევა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, სადაც 15 ივნისს ახალი სპექტაკლის „სიყვარულისთვის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი დადგა იტალიურმა ჯგუფმა ნინო სურგულაძესა და ბალეტის ვარსკვლავ ნინო ანანიაშვილთან ერთად.
ორკესტრს სოფი ლორენის ვაჟი, დირიჟორი კარლო პონტი-უმცროსი უხელმძღვანელებს.
ქართულ სცენაზე პირველად ორი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები შესრულდება — ერთაქტიანი ბალეტი და მონოოპერა.
ბალეტში ნინო ანანიაშვილი შეასრულებს როლს ჯელსომინის კინოროლის მოტივებზე ფედერიკო ფელინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმიდან „გზა“ (ფილმის პროდიუსერი — სოფი ლორენის მეუღლე კარლო პონტი). წარმოდგენა იტალიელი კომპოზიტორის, „ოსკარის“, „ოქროს გლობუსისა“ და „გრემის“ ლაურეატის ნინო როტას მუსიკის თანხლებით გაიმართება.
საპრემიერო ჩვენებები ასევე გაიმართება 17 და 19 ივნისს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში და ვებ-გვერდზე tkt.ge.
გარდა ამისა, სურგულაძის ფონდის ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მოწვეული არიან ცნობილი იტალიელი რეჟისორი მარკო განდინი და „ლა სკალას“ მთავარი ქორეოგრაფი ჯანლუკა სკავიონი.
საქველმოქმედო საღამოდან მიღებული თანხა მძიმედ დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება.