თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალისტებმა მდინარე ვერეს აუზში ადრეული გაფრთხილების სისტემა დაამონტაჟეს, რომელიც მდინარისა და ნალექის დონეს გააკონტროლებს, რაც ასე მნიშვნელოვანია წყალდიდობაზე დროული რეაგირებისა და მისი პრევენციისთვის, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ვერეს ხეობა გასული წელს, 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობისას ძლიერ დაზარალდა.
„მთელ ინფორმაციას ონლაინ–რეჟიმში მივიღებთ და იმ შემთხვევაში, თუ მდინარე ვერეს სხვადასხვა წერტილში წყლის დონე აიწევს და მიაღწევს მაჩვენებელს, რომელსაც კრიტიკულად მივიჩნევთ, ამ ინფორმაციას შესაბამის სამსახურებს გადავცემთ და მოსახლეობა დაცული იქნება“, – განაცხადა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბართაიამ.
სამონტაჟო სამუშაოებს გაეცნო თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელმაც ადრეული გაფრთხილების სისტემის დაყენების მნიშვნელობა აღნიშნა იმ ზონაში, რომელიც წყალდიდობისას ყველაზე ძლიერ დაზარალდა.
„პრევენციისთვის ასევე მონტაჟდება ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები… რაც მთავარია, უშუალოდ დატბორვის ზონაში მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, ვინაიდან ყველა სახლი გამოვისყიდეთ და განვახორციელეთ მათი დემონტაჟი. მიღებული ზომების გათვალისწინებით კი რისკის დონე პრაქტიკულად მინიმალურ დონეზეა დასული“ — განაცხადა დავით ნარმანიამ.
სპეციალური მოწყობილობები დამონტაჟებულია ვერეს აუზში, სვანიძის ქუჩაზე, ბაგებში, სოფელ დრეში,ორბეთში, ვანათში და მანგლისში.