გარემოს დაცვის სამინისტრომ თბილისში მომხდარი წყალდიდობის მიზეზი დაასახელა

© facebook.com/mod.gov.geსტიქიის შედეგების ლიკვიდაცია
სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტიქიით დაზარალებულ ადგილებში გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფები იმყოფებიან. ისინი პროცესებს დეტალურად სწავლობენ და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასა და პროცესების პრევენციაში აქტიურად მონაწილეობენ.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში უხვმა ნალექმა გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, ქალაქის ცალკეულ უბნებში მეწყერული პროცესები და მდინარე ვერეს დროებით ჩახერგვა გამოიწვია. ყოველივე ამის შედეგად წყლის დონემ მოიმატა, იუწყება ორშაბათს, 15 ივნისს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

”წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე მეწყერული პროცესები განვითარდა და მიწა ჩამოიშალა. კერძოდ, ჩამოიშალა დაახლოებით მილიონი კუბომეტრი მყარი მასა, რამაც ღვარცოფი გამოიწვია. ნაკადმა ვერეს ხეობა დროებით გადაკეტა… წყლის დროებითმა დაგუბებამ ვერეს ხეობაში გამოიწვია წყლის დონის მატება, ღვარცოფის მოვარდნა და ცალკეული ადგილების დატბორვა”, — აღნიშნულია განცხადებაში.  

როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ამ პროცესებს წინ უძღოდა უხვი ნალექი წყლის და სეტყვის სახით.

”დღევანდელი დღის მონაცემებით, სტიქიური პროცესების არეალში მსგავსი მასშტაბური მოვლენები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ არამასშტაბური პროცესების გააქტიურება იქნება”, — აღნიშნულია განცხადებაში.

სტიქიით დაზარალებულ ადგილებში გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფები იმყოფებიან. ისინი პროცესებს დეტალურად სწავლობენ და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასა და პროცესების პრევენციაში აქტიურად მონაწილეობენ.

კვირას, 14 ივნისის ღამით კოკისპირული წვიმის, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მდინარე ვერეს ადიდების  შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის  უპატრონო ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, 37 კი დაშავდა. ათი ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0