თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა ერთიანი სია გამოაქვეყნა, სადაც ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარი მონაცემების შემოწმება შეუძლიათ.
თითოეულ მოქალაქეს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზე — voters.cec.gov.ge, ასევე შეუძლია შესწორებების შეტანა 22 სექტემბრამდე, აღნიშნულია ქვეყნის ცესკოს ვებ-გვერდზე.
ამომრჩეველთა სრულ სიაზე ხელი მიუწვდებათ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებსაც საარჩევნო რეგისტრაცია აქვთ, ასევე დამკვირვებელ ორგანიზაციებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. ცესკომ უკვე განსაზღვრა 73 მაჟორიტარული ოლქის 3 634 უბანი. ამგვარად, ამომრჩეველი შეძლებს გაიგოს, ხმის მისაცემად რომელ უბანზე უნდა გამოცხადდეს არჩევნების დღეს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 30 მაისის მონაცემებით, საქართველოში 18 წელს ზემოთ ასაკის, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, 3,53 მილიონია.
ამომრჩეველთა სიის მორიგი განახლება 15 ივლისს არის დაგეგმილი.