თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის ქალაქ ორლანდოში მომხდარი თავზარდამცემი ტრაგედიის გამო, სადაც კლუბზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, შეძრწუნებულია.
ქალაქ ორლანდოს გეი–კლუბში თავდასხმა პარასკევს ღამით მოხდა. ეს მასობრივი ხოცვის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა აშშ–ის ისტორიაში. სროლის შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი, 53 – დაიჭრა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ომარ მატინიმ საგანგებო დახმარების ნომერზე დარეკა და განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ ლოიალური დამოკიდებულება აქვს. ის პოლიციის თანამშრომლების მიერ ლიკვიდირებულია. აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომხდარს ტერაქტი უწოდა.
კვირიკაშვილმა ქართველი ხალხისა და მთავრობის სახელით სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს, აშშ–ის მოსახლეობასა და ხელისუფლებას, ასევე ყველას, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება ძვირფასია.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ასეთი სისასტიკის სამიზნე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოს მოქალაქეების თავისუფლებისა და ოცნების ქვეყანა. ეს ტრაგედია, არის ძალიან მკაფიო სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის, რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და აასმაგებს მსოფლიო თანამეგობრობის პასუხისმგებლობას“, – აღნიშნულია კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.