ბეგი: გაქცევა ზოოპარკიდან

© AFP 2024ბეჰემოთი ბეგი
ბეჰემოთი ბეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ზოოპარკის მკვიდრის, ბეჰემოთ ბეგის პოპულარობა შოუ–ბიზნესის ნებისმიერ ვარსკვლავს შეშურდება. თბილისის ცენტრში მშვიდად მოსეირნე ბეგის ფოტოებმა მთელი მსოფლიო შემოიარა. სოციალურ ქსელებში მოწოდებაც კი გაჩნდა, თბილისის სიმბოლოდ ვაქციოთო ბეგი.

იმ საშინელ საათებში ბეგის არსებობამ თბილისელებისთვის რაღაცნაირად საკრალური აზრი შეიძინა. თითქოს ბეგის სიცოცხლეზე უფრო მეტი იყო დამოკიდებული, ვიდრე უბრალოდ ცხოველის გადარჩენაზე…
ბეგიმ მაშინ თბილისელები სასოწარკვეთისგან იხსნა. ადამიანებს ცრემლით სავსე თვალებში ღიმილი უკრთოდათ, როცა დაღუპულთა ძებნის პარალელურად, ბეჰემოთის დიდ გასეირნებას ადევნებდნენ თვალს.

ბეგი კი, თითქოს გრძნობდა, ვარსკვლავური საათი დამიდგაო, სულაც არ ჩქარობდა მშობლიურ სანახებში დაბრუნებას. ის ერთადერთი ცოცხალი არსება იყო იმ ქაოსითა და სიურეალიზმით აღსავსე ღამეს, რომელიც მშვიდად და ბედნიერად გრძნობდა თავს.

იმ ღამეს ბეგიმ პირველად ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი და საათების მაღაზიასთანაც თითქოს იმიტომ ამოყო თავი, რომ დრო შეეჩერებინა…

იმ ღამის გმირი ბეჰემოთი ადამიანებმა მხოლოდ გამთენიისას დაძრეს ზოოპარკისკენ.

ბეგის საცხოვრებელი სტიქიას მოესრა, ამიტომ მეზობელ სპილოებთან შეასახლეს დროებით. მერე კი, არავინ იცის, თავისუფლებიდან ისევ ტყვეობაში დაბრუნებისა თუ იმის გამო, რომ გაიაზრა, სიკვდილს ერთი ნაბიჯი მაშორებდაო, ბეგის დეპრესია დაეწყო — თურმე არც საჭმელს აკარებდა პირს და არც წყალში ჩადიოდა გასაგრილებლად.

მერე შოკმა გაიარა, მაგრამ ბეგი მაინც ისაწყლებდა თავს, შეძლებისდაგვარად აცოდებდა მომვლელებს თავს — წყალში მხოლოდ მათი წასვლის შემდეგ ჩადიოდა, რადგან მიხვდა, ადგილიდან რომ არ ვინძრევი, უფრო მეფერებიან და ზრუნავენ ჩემზეო…

ახალმოსახლეობა საახალწლოდ იზეიმა. ახალი ვოლიერის ასაშენებელი თანხა თბილისის მერიამ გამოყო და ბეგიმ გათბობით, ცხელი წყლითა და რომანტიული ბინდით აღჭურვილი აპარტამენტები მიიღო.

© FB/CityHallofTbilisთბილისის მერიამ ბეგისთვის დროებითი ვოლიერის მშენებლობა დააფინანსა
თბილისის მერიამ ბეგისთვის დროებითი ვოლიერის მშენებლობა დააფინანსა - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ ბეგისთვის დროებითი ვოლიერის მშენებლობა დააფინანსა

პოპულარულ „ბიჭს“ ახლოს გასაცნობად ვეწვიეთ. ის–ის იყო, გადახურულში აბაზანის მიღება დაემთავრებინა და ახლა ღია ცის ქვეშ ლანჩისთვის ამზადებდნენ. მენიუში იყო: კარტოფილი, კომბოსტო და კიტრი.

წყალდიდობის შემდეგ ცხოველები გაიქცნენ - Sputnik საქართველო
გურიელიძე: ახალ ზოოპარკში პირველი ბეჰემოტი გადავა

ბეგი, როგორც ყველა ბალახისმჭამელი, პირწავარდნილი ვეგანია, თუმცა საკვებში უპირატესობას მჟავე კომბოსტოს ანიჭებს — უსაშველოდ უყვარს და ამიტომ ზამთარში ყოველდღე თითო კილოგრამს მიირთმევს.

ზოოპარკის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში  დავით თაქთაქიშვილი ამბობს, რომ ბეგი მადას არ უჩივის და დღეში 40 კილომდე ბოსტნეულს მიირთმევს.

ვაკვირდებით, როგორი სიამოვნებით იქნევს ბეგი ყბებს და ვასკვნით: თავისუფლება კარგია, მაგრამ დღეში სამჯერადი კვება — კიდევ უკეთესი. მით უმეტეს, რომ ბეგი ზოოპარკის თანამშრომლებს ძალიან უყვართ — თხოვნაც არ სჭირდება, ისე ფხანენ ზურგს, რაც მას ასე ძალიან მოსწონს. ჯაგრისებით შეიარაღებული მომვლელები დღეში რამდენჯერმე უტარებენ ამ პროცედურას.

„ბეგლარი თბილისის ზოოპარკში 1999 წელს მოვიდა, — გვიყვება დავით თაქთაქიშვილი. — დღევანდელმა თანამშრომლებმა დეტალები არა, მაგრამ ის კი იციან, რომ ის ჩვენთან რუსეთიდან ჩამოიყვანეს.

2006 წელს ზოოპარკის ხელმძღვანელობა შეიცვალა და ძველი დოკუმენტაციიდან ზოგი დაიკარგა, მათ შორის, ბეგისაც.

თუმცა, წყალდიდობიდან ერთი თვის თავზე გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტიმ“ პუბლიკაცია გამოაქვეყნა, სადაც ეწერა,  რომ ჩვენი ბეგი წარმოშობით კალინინგრადელი ყოფილა, რომ 16 წლის წინ მშობლებისთვის, კალინინგრადელი ხანისა და მერისთვის მოუწყვეტიათ და თბილისისკენ გამო უმგზავრებიათ; ოღონდ მაშინ უცნაური სახელი რქმევია — ჰუსეინ–დელფინი, რომელიც თბილისელებმა ელეგანტური ბეგით შეუცვალეს.

ბეჰემოთს პირადი მომვლელი ჰყავს — გოგიტა გაბიტაშვილი, რომელიც ბეგის „ბავშვობას“ იხსენებს:

„ბეგი ორიოდე თვისა იქნებოდა, როცა მის მომვლელად დამნიშნეს. ერთად ვიზრდებოდით. პატარაობისას გოჭს ჰგავდა. სულ ერთად ვთამაშობდით, ყირაზე გადავდიოდით, წყალში ვფართხალებდით. ასე გრძელდებოდა სადღაც, რვა წლამდე, მერე კი მოიზარდა და ხასიათი გამოავლინა — მაგალითად, კბილებს მხოლოდ მე მაწმენდინებს, მე მანდობს ამ საქმეს. ძალიან უყვარს ყურს უკან მოფხანვა, პირდაპირ დნება, როცა ვფხან“.

© Beso Gulashvili წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკიდან გამოქცეული ბეჰემოთი ბეგი,
წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკიდან გამოქცეული ბეჰემოთი ბეგი, - Sputnik საქართველო
წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკიდან გამოქცეული ბეჰემოთი ბეგი,

ბეგის დღემდე შემორჩენია „ბავშვობისდროინდელი“ ჩვევები. არავინ იცის, რატომ მაგრამ პატარაობაში უსაშველოდ  ჰყვარებია ნიჩბები. როცა გაჯიუტდებოდა და წყლიდან არ ამოდიოდა, ცხვირწინ ნიჩაბს დაუტრიალებდნენ და ისიც თურმე თავპირისმტვრევით გამორბოდა საყვარელი ნივთისკენ. დღემდე ასეა: ნიჩბის გულისთვის შეიძლება ქვეყნის დასალიერამდეც გამოგყვეს.

„ღორმუცელაა, ბოსტნეული უყვარს, მაგრამ ყველაფერს მაინც  ჭარხალი ურჩევნია. ვითომ გულკეთილი ბიჭია, მაგრამ არაფერი შეგეშალოთ: თუ გააბრაზებთ, ნაღდი კავკასიელივით განრისხება იცის“, — ამაყად გვეუბნება გოგიტა.

ამასობაში ბეგიმ ხმამაღალი ფრუტუნით დაამთავრა ლანჩი, სული მოითქვა და… ღიმილად დაიღვარა — პირი მოაღო და ეშვები ააელვარა. რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ სტუმრებისგან, ანუ ჩვენგან ტკბილეულს ელოდებოდა.

მაგრამ ისეთი სტუმრებიც არსებობენ, რომლებსაც ცხოველისთვის ნუგბარი კი არ მიაქვს, არამედ… ერთხელ ვიღაცამ გულუბრყვილო, მიმნდობ ბეგის პირში ანთებული სიგარეტი ჩაუგდო და საწყალმა ისეთი სტრესი მიიღო, რომ დიდხანს ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან.

შარშანდელი შოკის შემდეგ ბეგის ცხოვრება ახლა უკვე დამშვიდდა. მის ვოლიერთან ყოველთვის განსაკუთრებული ხალხმრავლობა და გამოცოცხლება იგრძნობა — სტიქიას გადარჩენილი ბეჰემოთის სანახავად თბილისელებიც დადიან, უცხოელი ტურისტებიცა და ჟურნალისტებიც… და ბეგიც სიამოვნებით პოზირებს მათთან ერთად — როგორც ნამდვილი ვარსკვლავი.

© თბილისის მერიაბეჰემოთი ბეგი
ბეჰემოთი ბეგი - Sputnik საქართველო
ბეჰემოთი ბეგი

ბეგი ახლა, როგორც დირექციაში გვეუბნებიან, სექსუალური გაფურჩქვნის ხანაშია, მაგრამ გულისწორი დღემდე არ ჰყავს. „მსოფლიოს სხვა ზოოპარკებში „გოგოს“ მონახვა იოლია, აი თბილისში ჩამოყვანა კი — რთული. ეს იმიტომ რომ, რაც უფრო მძიმეა „ქალი“, მით ძვირი ჯდება მისი ტრანსპორტირება. მოკლედ, აქაც ისეა საქმე, როგორც „ორფეხებში“ — უფულობა პირადი ცხოვრების აწყობას ხელს უშლის“, — ასკვნის დავით თაქთაქიშვილი.

დაბოლოს, ერთი წლის განმავლობაში თბილისის ზოოპარკში ევროპის ზოოპარკებიდან არაერთი ცხოველი ჩამოიყვანეს, მაგრამ მნახველი, რაც შემოსავლის ძირითადი წყაროა, პარკს მაინც აკლია.

მოკლედ, მათ, ვინც სიკვდილი სიცოცხლით დაჯაბნა, ჩვენი დახმარება სჭირდებათ!

ყველა ახალი ამბავი
0