თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიური უბედურება თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდი იყო, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი და ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.
„ამ მოვლენის შემდგომმა დღეებმა ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის წარმოუდგენლად მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, განსაცდელში ერთიანობისა და მძიმე შედეგების დასაძლევად თავდაუზოგავი შრომისთვის მზადყოფნა გვიჩვენა“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობამ თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
„უმთავრესი გაკვეთილი, რაც ამ ტრაგედიამ გვასწავლა, არის ის, რომ ჩვენ — მთლიანად საზოგადოებამ და უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებამ, შორს უნდა ვიყუროთ და ყველა ზომას უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ თითოული მოქალაქის უსაფრთხოება და თვით სიცოცხლე საიმედოდ იყოს დაცული”, — აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა.