თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ცნობამ იმის თაობაზე, რომ პლანეტის მოსახლეობის უსაყვარლესი McDonald's–ის რესტორნების ქსელი ერევანშიც გაიხსნება, არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ მეწარმეებიცა და პრესაც ააღელვა.
ექსპერტებისა და სომხური მასმედიის ერთი ნაწილი ამ ინფორმაციას ეჭვით შეხვდა. პორტალ „Sputnik-სომხეთს“ კი ვითარებაზე დაკვირვება არ შეუწყვეტია და დეტალებიც გაარკვია.
სომხეთში McDonald's–ის გახსნის საკითხი აშშ–ის შტატ ორლანდოში ფირმის ხელმძღვანელების შეხვედრაზე გადაწყდა.
„სომხეთში სწრაფი კვების ობიექტის გახსნაზე თანხმობა კორპორაცია McDonald's–ის მთავარი ოფისისგან მივიღე. ახლა სომხეთის მთავრობასთან მოლაპარაკებაღა რჩება. 100%-ით დარწმუნებული ვართ, რომ McDonald's–ს გავხსნით. ეს მხოლოდ დროის ამბავია“, — უთხრა თემურ ჭყონიამ "Sputnik–სომხეთს".
თემურ ჭყონიას თქმით, ერთი McDonald's–ის ასაშენებლად 1500 კვ.მ ტერიტორიაა საჭირო. სომხეთის ტერიტორიაზე კი ქსელის 8 რესტორნის აშენება შეიძლება, სადაც დაახლოებით 1000 კაცი დასაქმდება.
ადგილობრივ ბიზნესმენებს ეჭვი ეპარებათ, რომ სომხეთში ეს რესტორანი გაიხსნება, რადგან მანამდე არაერთმა სომეხმა ბიზნესმენმა იბრძოლა McDonald's–ის გახსნის უფლების მოსაპოვებლად, მაგრამ ამაოდ.
ცნობილ სომეხ ბიზნესმენს ხაჩატურ სუქიასიანს მიაჩნია, რომ ეს პროგრამა სომხეთში უახლოეს მომავალში ვერ განხორციელდება.
„უკვე ვთქვი, რომ სომხეთში სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, აქ 5 McDonald's-ზე მეტი ვერ იქნება“, — უთხრა სუქიასიანმა „Sputnik–სომხეთს“.
აღსანიშნავია, რომ სწრაფი კვების სისტემა სომხეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქვეყანაში მუშაობს Karas–ის, KFC–ს, Gyros–ის რამდენიმე ქსელი.