ქართველი ბიზნესმენი მალე ერევანში McDonald's-ს გახსნის

© photo: Sputnik / Stringer"მაკდონალდსი"
მაკდონალდსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ბიზნესმენი თემურ ჭყონია სომხეთში McDonald's-ის რესტორნების ქსელის გახსნას აპირებს. ამის შესახებ ჭყონიამ „Sputnik სომხეთის“ კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ძნელია იპოვო ადამიანი, რომელსაც McDonald's-ის შესახებ არ სმენია, ამ ფასთ-ფუდის მეტად პოპულარული რეკლამა პლანეტის ყველა წარმომადგენლისთვის ნაცნობია. შესაძლოა, სულ მალე ამ საკვების მოყვარულებმა ის ერევანშიც აღმოაჩინონ, წერს „Sputnik სომხეთი“.

მიმდინარე წლის აპრილში ქალაქ ორლანდოში (აშშ, ფლორიდის შტატი) McDonald's-ის წარმომადგენელთა დიდი შეხვედრა გაიმართება, სადაც მსოფლიოში პოპულარული სწრაფი კვების რესტორნის სომხეთში გამოჩენის საკითხი გადაწყდება.

„ვფიქრობ, საკითხი McDonald's-ის სომხეთში გახსნის შესახებ დადებითად გადაწყდება. პირველ რიგში, თბილისის McDonald's-ში ბევრი ჩამოდის სომხეთიდან, ანუ ეს მოთხოვნადი ფასთ-ფუდია სომხურ მოსახლეობაში, მეორეც — რესტორნის გახსნა 150 ათასზე ნაკლები მოსახლეობის ქალაქებშიც შეიძლება“, — განაცხადა ჭყონიამ.

ქართველი ბიზნესმენის განცხადებით, პირველი McDonald's-ი ერევანში გაიხსნება. ამასთან, რესტორანი ყველა სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს — როგორც საკვებით, ისე არქიტექტურით. რესტორანი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ქალაქის იერ-სახეს.

McDonald's-ის ასაშენებლად 1500 კვ. მ. ფართობი, ასევე მოსახერხებელი ადგილმდებარეობაა საჭირო.

„ეს პროექტი მნიშვნელოვანია ერევნისთვის. დედაქალაქის შემდეგ McDonald's-ის გახსნას სომხეთის სხვა ქალაქებშიც ვგეგმავთ. ჩვენი მონაცემებით, თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ქსელის 8 რესტორნის გახსნაა შესაძლებელი. პროექტის მასშტაბის გათვალისწინებით, 30 წლამდე ასაკის დაახლოებით 1000 ადამიანი დასაქმდება. მათ საშუალება ექნებათ, უმაღლესი დონის ტრენინგები გაიარონ“, — დასძინა ჭყონიამ.

ქართველმა ბიზნესმენმა ასევე აღნიშნა, რომ რესტორნების ქსელის გახსნის გარდა, გეგმაში ასევე სომხეთის სოფლის მეურნეობის განვითარებაა.

ჭყონიას განცხადებით, სომხურ McDonald's-ში ადგილობრივი წარმოების პროდუქტები უნდა შევიდეს. მან ასევე დასძინა, რომ ეს მსხვილი ინვესტიციაა და სომხეთის ეკონომიკისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0