თბილიდი, 12 ივნისი — Sputnik. ევროპის საფეხბურთო ფედერაციის (უეფამ) განცხადებით, რუსეთისა და ინგლისის ფეხბურთის გუნდები ევრო 2016-ის ჩემპიონატიდან მოიხსნებიან თუ მათი გულშემატკივრები მასობრივ არეულობას კვლავ მოაწყობენ, ნათქვამია უეფას ვებგვერდზეა განთავსებულ ინფორმაციაში.
მარსელის „ველოდრომის“ სტადიონზე რუსეთისა და ინგლისის გუნდების შეხვედრა ფრედ — 1:1 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ 30-მდე რუსი გულშემატკივარი იმ ტრიბუნაზე შეიჭრა, სადაც ინგლისის ფანები იმყოფებოდნენ და ინგლისის დროშების დახევა სცადეს. თვითმხილველების თქმით, ისინი ბრიტანელების მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ. ინგლისელი გულშემატკივრების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა. არეულობა იმ დრომდე გაგრძელდა, სანამ საქმეში ფრანგული პოლიცია არ ჩაერთო.
უეფამ რუსეთის ფეხბურთის კავშირის წინააღმდეგ, მარსელში გამართული ინგლისი-რუსეთის მატჩის შემდეგ გულშემატკივართა შორის დაპირისპირების ფაქტზე, დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყო. ბოლო დღეების განმავლობაში მარსელის ძველ პორტში შეტაკება ინგლისისა და რუსეთის გუნდების გულშემატკივრებს, ადგილობრივ მცხოვრებლებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაბათს მომხდარი არეულობის შედეგად 31-მა ადამიანმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.
"უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ფეხბურთის ორივე ასოციაცია გააფრთხილა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილებიდან დამოუკიდებლად, რომელსაც დისციპლინარული ორგანოები სტადიონის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიიღებენ, იტოვებენ უფლებას ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისა (FA) და რუსეთის ფეხბურთის კავშირის მიმართ დამატებითი სანქციები შემოიღონ, მათ შორის გუნდების ტურნირიდან პოტენციურად გაძევების ჩათვლით, თუ მსგავსი ძალადობის ფაქტები კვლავ განმეორდება“, — ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საფრანგეთის ხელისუფლებას და აღნიშნა მათი ძალისხმევა არეულობის აღკვეთისა და წესრიგის დამყარების მხრივ.