თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული საჯარო განცხადებების შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ ქვეყანაში კვლავ ფიქსირდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები.
„ფუნდამენტური და აუცილებელია, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მთავრობის წევრებმა უზრუნველყონ საჯარო განცხადებების გაკეთებისას პირის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა, კონკრეტული ბრალდებულის დამნაშავეობის შესახებ გამოთქმული მოსაზრების გარეშე“, — ნათქვამია სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის დასკვნაში წერია, რომ ერთ–ერთი ბრალდებულის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია მას შემდეგ დაირღვა, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ვერ მიიღო ვერდიქტი, ხოლო საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების მხრიდან განცხადებები გაკეთდა.
„საყურადღებოა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან პირის დამნაშავეობის თაობაზე გაკეთებული განცხადება სასამართლოს განაჩენის გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში, გამოძიების საწყის ეტაპზე, და განმარტება, რომ ბრალდების მხარეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება არ აქვს“, — განმარტავს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ანგარიშში.
მისი თქმით, ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაცული უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში, და რომ იგი სავალდებულოა როგორც ბრალდების მხარისთვის, ისე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის.