თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. 2015 წლის ივნისში თბილისში მომხდარი წყალდიდობის სალიკვიდაციოდ შემოწირულობის სახით 26 მლნ ლარი შეგროვდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.
2015 წლის 13 ივნისს თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი და ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.
თბილისის მერმა საზოგადოებას და საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. თბილისის ხელისუფლებამ წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად სულ 40 მლნ ლარზე მეტი დახარჯა. დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ფიზიკური პირი დაზარალდა. კერძო პირებისა და კომპანიების მხარდაჭერით დაუკანონებელი ფართის მფლობელებმა 35 ბინის მიღება შეძლეს.
„ბუნებრივია, პროცესი ახლაც მიმდინარეობს და დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, ძალას არ დაიშურებს, რათა მომავალში ჩვენი დაზარალებული თანამოქალაქეების კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იყოს“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.
დაზარალებული მოსახლეობა აღიწერა ოჯახებისა და სულადობის მიხედვით. მიყენებული ზიანის მიხედვით დადგინდა დატბორვის ზონა და განისაზღვრა კატეგორიები — პირველი კატეგორიის ობიექტებში შევიდა ის სახლები, რომლებიც სრულად განადგურდა, ხოლო მეორე კატეგორიად განისაზღვრა ის ობიექტები, რომელთა რეაბილიტაციაც შესაძლებელი იყო.
პირველი კატეგორიის დიდი ნაწილი ამ დროისთვის თითქმის სრულად დაკმაყოფილებულია. მეორე კატეგორიაში მოხვედრილ საცხოვრებელ სახლებს სარემონტო სამუშაოები უტარდება, აღნიშნა მერმა.
გარდა ამისა, დაზარალებულებმა საოჯახო ნივთების შესაძენადაც მიიღეს ფულადი დახმარებები. რაც შეეხება დაზიანებულ ავტომანქანებს, 117 ფიზიკურ პირს გაუფორმდა ხელშეკრულება და ფულადი დახმარების სახით ჯამში 880 291 ლარი იქნა გაცემული. აღნიშნული პროცესი ახლაც გრძელდება.
მერის განცხადებით, დიდი პროექტებიდან აღსანიშნავია გმირთა მოედნის და სანაპიროს რეაბილიტაცია, ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია ვერეს ხეობაში, ახალი ხიდის მშენებლობა ვერეს ხეობაში, საყრდენი კედლის მოწყობა წყნეთის ქუჩაზე, საყრდენი კედლების მშენებლობა წყნეთის გზატკეცილზე და ა.შ. დასრულების ეტაპზეა დაზიანებული გვირაბების რეაბილიტაცია ვერეს ხეობაში. მიმდინარეა — ნატანდამჭერი ცხაურის მშენებლობა ვერეს ხეობაში და კოჯორი-სამადლოს გზის მშენებლობა.
სვანიძის ქუჩაზე აღდგენილია გზის საფარი, მწყობრშია გმირთა მოედანი და ზოოპარკი.
ნარმანიამ ასევე აღნიშნა, რომ მომზადდა მდინარე ვერეს ხეობის სივრცით–ტერიტორიული განვითარების კონცეფცია, რომლის თანახმადაც, ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს მზიურის პარკის პროექტირება, რომლის შემდეგაც დაგეგმილია პარკის მშენებლობა.